“თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ფასდება, როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი”, – ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი ახალი ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და სტაბილურია, პაციენტებთან დაკავშირებით ჩატარდება დამატებითი კვლევები.
„ახალი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ალბათ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. მათი ტესტირება მოხდა გუშინ და კვლევები ახლა დაიწყება, ჩატარდება დინამიურად, შესწავლის მიხედვით. დღევანდელი მონაცემებით პროგნოზის გარკვევა ჯერ შეუძლებელია. რამდენიმე დღის კვლევების შედეგების შეჯერებით შეიძლება, ვთქვათ მომავალში პროგნოზულად ეს პაციენტი მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.
პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ორი ასაკოვანი და ერთი მძიმე პნევმონიით. მათი მდგომარეობაც სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება, გართულებები არ იქნება და ასე გავალთ ბოლომდე. მეოთხე პაციენტი, რომელიც არის მძიმე პნემონიით, იქ უკვე სტაბილურია სიტუაცია და ვიმედოვნებთ, რომ ის უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან. უკვე შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი პაციენტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.