“კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი”, – ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების შესახებ გააკეთა.
ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულთაგან ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენი ორი ინფიცირებულის შესახებ კი მისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის.
„დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა დასტურდება. აქედან ერთი ახალი ჩვენი ცენტრიდან არის. გუშინ თბილისის ინფექციურ კლინიკაში 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დანარჩენთან უარყოფითი.
პარალელურად როგორ იცით, შემოსულ პაციენტებთან, რომლებთანაც უკვე გავიდა 15-16 დღე პერიოდულად ტარდება ტესტირება, ჯერჯერობით დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებლი აქვთ ტესტის შედეგებს, რაც უკვე ამბობს, რომ იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც განმეორება სჭირდება, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება. ამაზე თანდათანობით მოგაწვდით ინფორმაციას. მონიტორინგი შეგვიძლია, ჩავატაროთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ერთი ახალი ესპანეთიდან შემოტანილი შემთხვევაა“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
როგორც მანვე აღნიშნა, ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები ცნობილია. ეზუგბაის ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდაა.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.