ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს.

მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“პრემიერ მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ფასებს გავაკონტროლებთ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან. მსხვილი მომწოდებლები კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მათ ფასი შეინარჩუნონ და არ გაზარდონ 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება. ბიზნესთან შეთანხმება შედგა, შესაბამისად, ჩვენ ავამოქმედებთ მექანიზმს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....