აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში მცხოვრებ 6000-ზე მეტ პირზე სასურსათო პროდუქტები გაიცემა.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე გაიცემა.
“საუბარია შემდეგ კატეგორიაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები.
ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში 6000-ზე მეტი მოქალაქეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს შესაბამისი ბიუჯეტი და აღნიშნული სასურსათო კალათა გადაეცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებიან და აქვთ 100 000 ქულამდე.
მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების, აჭარის ახალგაზრდული ცენტრის, ჩვენი მოხალისეების თანამონაწილეობით. დარიგების პროცესიც მოხდება შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.