ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთ-ერთი ბოლო ინფიცირებული პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, მასთან ერთად მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა და ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან.

„ყველა პიროვნება, რომელიც იყო წლისთავზე, არის იდენტიფიცირებული, ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....