საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, “კოვიდ-19”-ის გამო, ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით, სასულიერო პირებს შორის, აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
საპატრიარქო აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.
“კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოს გადაწყვეტილებით, ეკლესიებში პირადი ლოცვების გარდა, ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება შეწყდება.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.