“საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ეს, ბუნებრივია, ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც აღრიცხავენ ჩვენი საკონსულოები და საელჩოები. მხოლოდ იმ ადამიანების ზარებზეა ეს დამოკიდებული, ვინც უშუალოდ მიმართა საკონსულოებსა და საელჩოებს. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული”
დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი
აღნიშნული განცხადება ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.