ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრობამ გილიადს პრეპარატ რემდოსოვირის თხოვნით მიმართა” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოს მთავრობამ კომპანია „გილიადს“ მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის გამოიყოს პრეპარატი რემდოსოვირი გარკვეული რაოდენობის”, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული პრეპარატი ქვეყანას ე.წ. სარეზერვო მარაგში ექნება.

„პრეპარატი რემდოსოვირი გახლავთ 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატი. ამ პრეპარატს აწარმოებს კომპანია „გილიადი“, რომელიც შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთ ავადმყოფებთან მკურნალობის დროს. ამას გარდა, კიდევ მრავალი ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება მიმდინარეობდა ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც. იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები ან კიდევ ხლოროხინი, ინტერფერონი, რიბავირინი და ა.შ. რომელიც ცნობილია და დღეს ჩვენი ექიმები იყენებენ.

რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს „ცე“ ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და ძალიან ძლიერი ანტივირუსულ პრეპარატებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით კომპანია „გილიადს“, რომ საქართველოსთვის გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იქნეს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება ჩვენთვის და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები როდის უნდა დაინიშნოს, როგორ და ა.შ. და ჩვენი ექიმები მას გამოიყენებენ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....