“ადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით არ ტოვებს თავის საცხოვრებელ ადგილს და კარანტინის პირობებს არ არღვევს” – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. რომლის მიხედვითაც, სავალდებულო კარანტინის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 3 000, ხოლო იურიდიული 15 000 ლარით დაჯარიმდება.
როგორც მდინარაძე აცხადებს, სანქციები შესაძლოა ზოგიერთ მოქალაქეს მკაცრი მოეჩვენოს, თუმცა ის უზრუნველყოფს იმას, რომ პირები თვითიზოლაციისა და კარანტინის წესებს აღარ დაარღვევენ.
„მადლობას ვუხდი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც ცვლილებები ძალიან სწრაფად მოამზადა. 3000 ლარი სანქცია იქნება პირველ შემთხვევაში, რაც ადეკვატურია. ზოგს შეიძლება მკაცრად მოეჩვენოს და არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეიძლება თქვან, რომ ამ პირობებში არ იყოს მკაცრი. განმეორებით შემთხვევაზე ერთ წლამდე პატიმრობა არის მკაცრი, თუმცა ადეკვატური და პროპორციული სანქცია, რაც უზრუნველყოფს, რომ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესები კონკრეტულმა პირებმა არ დაარღვიონ. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით არ ტოვებს თავის საცხოვრებელ ადგილს და კარანტინის პირობებს არ არღვევს, მაგრამ არსებობენ ცალკეული გამონაკლისები, ვისთვისაც, როგორც ჩანს, სანქცია საჭირო გახდა და ეს სანქცია მალე მოქმედებაში იქნება. ეს პრევენციას უზრუნველყოფს და რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მინიმუმამდე დაიყვანს. მთავრობასთან ერთად რისკების შემცირებაზე კოორდინირებულად ვმუშაობთ“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.