“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დღეს პარლამენტში COVID-19-ის პრევენციის მიზნით განხორციელებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის აკრძალვასთან ერთად, ჯობდა ეკლესიებში შეკრებებიც აგეკრძალათ.
მისი თქმით, სახელმწიფოს აღარ უნდა ერიდებოდეს საპატრიარქოსი და კატეგორიულად უნდა მოუწოდოს ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება.
“სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის აკრძალვასთან ერთად, ჯობდა ეკლესიებში შეკრებებიც აგეკრძალათ.
სახელმწიფოს აღარ უნდა ერიდებოდეს საპატრიარქოსი, ღიად და კატეგორიულად უნდა მოუწოდოს ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება! წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, სამარშრუტო ტაქსში 10 კაცთან მგზავრობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და ტაძრებში ასეულებთან ერთად დგომა და ერთი კოვზით ზიარება – უსაფრთხო?
თუ ეპიდემიას ნაკურთხი წყალი ამარცხებს, მაშინ ხალხს რაღას ვუშვებთ კარანტინში, ან რას ვკეტავთ თვითიზოლაციაში, ან ცა რისთვის დავკეტეთ, ან საზღვრები?
ვიმეორებ, თუ არ ვკრძალავთ ხალხმრავლობას ეკლესიაში, რა ნიშნით და რა ლოგიკით ვკრძალავთ ან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობას, ან სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს, თეატრებს, ბარებს და რესტორნებს? იქ სხვა ხალხი დადის და ეკლესიაში – სხვა?
თუ სახელმწიფოს ვისთანაც გასდის იმას ყველაფერს ვუკრძალავთ და ვისთანაც ვერა, ვერაფერს?
მივმართავ ხელისუფლებას, იმოქმედეთ უფრო თამამად!”- წერს მელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.