ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, კორონავირუსის საფრთხის გამო შექმნილი ვითარების ფონზე საჭიროა, გადაიდოს ისეთი განხილვები, რომლებზეც დებატები და დაპირისპირებაა მოსალოდნელი.
აღნიშნული განცხადებით ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის მოსმენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში ნინო ქადაგიძის კანდიდატურას “აპარებს”.
“გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და გვესმის, რომ რაღაც საკითხებზე ისეთი ოპონირების გაწევა არ არის სწორი, მაგრამ რამდენად გესმით თქვენ ეს? ამ სიტუაციაში უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აპარებთ და მგონია, რომ ეს არაეთიკურია.შეგვეძლო ეს საკითხი დროში გადაგვედო და სხვაგვარად გაგვეკეთებინა. გამოდის, რომ რაღაც სივრცე დაინახეთ და ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს გაპარების რეჟიმში. თუ ამ სივრცით ისარგებლებთ და ყველა იმ საკითხის გასატანად გამოიყენებთ, მგონია, რომ ეს სწორი არ იქნება”,- აცხადებს ლევან გოგიჩაიუშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა. ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, სადაც მას პოსტზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
შეგახსენებთ, 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.