საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციისგან მესამე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მესამე პაციენტის ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და თუ განმეორებითი ტესტიც ნეგატიური იქნება, ის გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
ენდელაძის თქმით, გარდა ამისა, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 6 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
მესამე პაციენტთან დაკავშირებით პირველი პასუხი არის უარყოფითი, მეორე პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს დილით უნდა მივიღოთ, თუ დღესაც უარყოფითი მოგვივა, რა თქმა უნდა – გაეწერება, თუ არა და შეიძლება რამდენიმე დღე დავტოვოთ”,- აცხადებს ენდელაძე.
რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობას, ენდელაძის ცნობით, სიტუაცია უცვლელია – 4 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი – დამაკმაყოფილებელი.
“არიან პაციენტები, რომლებსაც უკვე ვფიქრობთ, რომ არანაირი გართულება არ ექნებათ, რადგან გარკვეული ვადა გავიდა და არიან პაციენტები, რომლებზეც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ დაკვირვებას, რადგან ახალი შემოსულები არიან და შესაძლოა მათი დინამიკაში დამძიმება,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
55 წლის მამაკაცი, კორონავირუსის პირველი ინფიცირებული პაციენტია, სრულად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს. თუმცა ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. მეორე ინფიცირებული პაციენტს კი, რომლის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებოდნნე, სავარაუდოდ დღეს გაწერენ.
ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ 33-ია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ხოლო კარანტინში 1008 ადამიანია მოთავსებული.