ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ Covid 19-ის მეოთხეულად გადაეცა, საგანგებო მდგომარეობა საჭირო გახდება” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა, თუ ასე მოხდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდება საჭირო.

“მეოთხეული გადაცემა ზომების გამკაცრებას მოითხოვს, სხვა სიმკაცრის ზომებია მისაღები საგანგებო მდგომარეობის სახით, რასაც მიმართა ჩინეთმა, იტალიამ.

პირველი რიგის გადაცემა ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე ინფიცირდება უცხოეთში ან უცხოეთიდან ჩამოსული სტუმარი მას აინფიცირებს. მეორე რიგია, როცა უცხოეთიდან დაინფიცირებული მოქალაქე გადასცემს საქართველოს მოქალაქეს. მესამე რიგია, როცა თავად დაინფიცირებული მოქალაქე აინფიცირებს საქართველოს სხვა მოქალაქეს. მეოთხე რიგი ნიშნავს, როცა მესამე გადასდებს მეოთხეს.

რატომ არის ასეთი დრამატული განსხვავება – ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ იგულისხმება, რომ პირველი სამი რიგის დროს ჩვენ ვიცით, ვისგან გადმოგვედო. მკაფიოდ ვიცით ყველა კონტაქტი, გვაქვს საშუალება, ეს კონტაქტები გამოვიკვლიოთ და მისი ნეიტრალიზება მოვახდინოთ, ანუ არაკონტროლირებადი გავრცელების რისკი ძალიან ნაკლებია.

მეოთხე ნიშნავს, რომ პიროვნება დაინფიცირდეს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, აღმოაჩნდეს კორონავირუსი ისე, რომ არ იცის, საიდან დაინფიცირდა: მარკეტში, ქუჩაში, კინოში თუ სხვა ადგილას. მე არ ვამბობ იმაზე, ვინც მალავს, პირველი რიგიც შეიძლება დამალო – როცა მართლა არ იცი, ვისგან გადმოგედო, ამ დროს იწყება ინფექციის უკონტროლო გავრცელება.

იყო ამაზე საუბარი, დღესაც გვქონდა ექსპერტების ჯგუფს შეხვედრა. მე ვფიქრობ და ბევრმა მხარი დამიჭირა – მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ გვქონია, ვინაიდან კონტაქტების ჯაჭვში ვიღაცამ მაინც იცის, ვისგან დაინფიცირდა. ასე რომ, მინდა თამამად ვთქვა, საქართველოში მეოთხეული გადაცემა ჯერ არ ყოფილა”,- თქვა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54

იტვირთბა....