ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საფრთხისაგან თავის არიდება არ არის სირცხვილი, სიფრთხილის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია”, – ალავერდის მიტროპოლიტი

ალავერდის მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირებმა წირვის დასრულების შემდეგ კორონავირუსის საფრთხის გამო ეკლესიის მიერ ზიარების წესის შესახებ და ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მეუფე დავითმა შექმნილ ვითარებაში ორგანიზებული მოქმედებისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„შიში ყოველთვის ურწმუნოებიდან მოდის. დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ქვეყნები იკეტება და კარანტინშია ხალხი, მაგრამ საოცარი რამ მოხდა. მადლობა ღმერთს, ჩვენს ხალხს, ხელისუფალს, საოცარი ერთიანობა გამოაჩინეს. ღმერთმა დაუშვა და ეს გამოცდა ჩვენმა ერმა კარგად ჩააბარა. გუშინ მელაპარაკა ერთი ადამიანი, რომლის სასტუმროშიც უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები არიან. არც ერთ თანამშრომელს, არც დიდს და არც პატარას არ დაუტოვებია თავისი სამსახური, რომელიც ღვთის წყალობით, მათთვის გვირგვინი იქნება. დღესაც, როგორც სხვა დროს ემსახურებიან იქ მყოფ ადამიანებს. ეს დიდი სამაგალითო შემართებაა. მათ ზურგი კი არ აქციეს, გვერდში დაუდგნენ. ყველას შეიძლება ეს განსაცდელი შეხვდეს, იგივე ხელისუფალს იმიტომ, რომ ისინიც დღე და ღამე აქტიურად არიან ჩართულები და ორგანიზებას კარგად აკეთებენ“, – განაცხადა ალავერდის მიტროპოლიტმა.

მეუფე დავითის თქმით, საფრთხისაგან თავის არიდება არ არის სირცხვილი, სიფრთხილის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია.

„საფრთხისაგან თავის არიდება არ არის სირცხვილი, სიფრთხილის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია, უგუნური თავმოწონებით უარის თქმა ამ სიფრთხილეზე კიდევ უფრო დამამძიმებელია, რადგან მას საფუძვლად ამპარტავნობა უდევს. ამპარტავანი სძულს უფალს, ხოლო თავდამდაბალი, რომელიც სიფრთხილეს იცავს გონიერებით, ღვთისთვის საყვარელია და წყალობასაც მიიღებს. სიფრთხილე დღეს აუცილებლად უნდა დავიცვათ და ეს სათაკილო არ არის, მაგრამ თუ ღვთის საწინააღმდეგოს გვეტყვიან, რა თქმა უნდა, ქრისტიანებმა არც უნდა მოვისმინოთ, არა თუ ვიმსჯელოთ. ზიარება ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ მიწვდება და რომელსაც ადამიანის ენა ვერ გამოსთქვამს“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქო მრევლს ურჩევს უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ, სახლში და სამსახურში — აპკურონ. აღნიშნული განცხადება საპატრიარქოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაავრცელეს. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო ზიარების წესს ნაწილობრივ ცვლის.

იტვირთბა....