თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდა გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროებისა, სასამართლოში ვიზიტები შეზღუდონ.
როგორც სასამართლოს შენობაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, თხოვნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.
ალექსანდრე იაშვილის თქმით, თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ კონკრეტული პროცესზე საზოგადოების სიმრავლიდან გამომდინარე რისკები მაღალია, გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს დღის განმავლობაში სტუმრობს დაახლოებით 3 000-მდე მოქალაქე და დახურულ სივრცეში სხდომის დარბაზებში ტარდება ასობით პროცესი. სასამართლოში არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით, რისკები კორონავირუსის გავრცელებასთან მიმართებით პოტენციურად არის მზარდი.
ძვირფასო მოქალაქეებო, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თქვენი, პატიმრების და მთლიანად, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გარდა გადაუდებელი საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობისა, შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ ვიზიტები სასამართლოში. მაქსიმალურად შეზღუდეთ სასამართლოში ვიზიტები იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ ხართ მხარეები და თქვენი სასამართლოში მობრძანება არ უკავშირდება გადაუდებელ აუცილებლობას და გადაუდებელ საჭიროებას“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.