თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, კლინიკაში 34 პაციენტი იმყოფება.
მისივე თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან ორთან კორონავირუსი დადასტურდა, ხოლო დანარჩენი პაციენტების ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დადგინდათ, ნელა-ნელა საკარანტინო სივრცეში გადადიან.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაია ამბობს, რომ პირველი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება.
მისივე განმარტებით, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გრძელდება მაღალი ცხელება, ორმხრივი პნევმონია, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება.
„მაგრამ ასე დაწყნარება არ შეიძლება,დინამიკაში მონიტორინგი და დაკვირვებაა საჭირო. დანარჩენებთან სხვადასხვა სიმპტომატიკა ვლინდება. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევით დადასტურებულია პნევმონია, მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი, მართალია ამ დროისთვის არცერთ პირს სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ ემუქრება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რადგან ამ დაავადებას ახასიათებს პროგრესირება, შეიძლება მსუბუქ, საშუალო ან მძიმე ფორმაშიც კი მოხდეს დაავადების პროგრესირება და ნებისმიერი გარტულების გამოვლენა. აქედან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.