თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 12 მოქალაქიდან, ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ცერცვაძის თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის მოთავსებულია 42 ადამიანი, რომელთაგანაც 17-ის ანალიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.
„ისევ გვყავს 12 ინფიცირებული პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე. მას აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა, ტემპერატურამ აიწია 38-მდე. ჯერ ბოლომდე არ გვაქვს დადასტურებული, მაგრამ სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. 12-დან ორი ადამიანი არის შედარებით მძიმე. ამ ორიდან ერთი კიდევ შედარებით უფრო მძიმე. დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთი აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას აქვს მინიმალური სიმპტომები – ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.,
რაც შეეხება კიდევ ერთ ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც საჩხერის კლინიკაშია მოთავსებული, ცერცვაძის თქმით, ეს, სავარაუდოდ, ძალიან მსუბუქი შემთხვევაა.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 13 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 127 ადამიანი იმყოფება. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი, 58 პაციენტი რჩება.