“დღეს კიდევ ერთხელ შევთანხმდით მთავარ პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს, ვერ მოხდება მისი გამოყენება რომელიმე მხარის მიერ პოლიტიკური მოტივებისთვის”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართულის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო სისტემის თაობაზე პოლიტიკური პარტიების შეთანხმებაში ჩანაწერი – „პოლიტიკური პატიმარი“ არ არსებობს.
„დღეს ამ მოლაპარაკებებით კიდევ ერთხელ შევთანხმდით მთავარ პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს, ვერ მოხდება მისი გამოყენება რომელიმე მხარის მიერ პოლიტიკური მოტივებისთვის. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ შესაბამის განცხადებაში.
პოლიტიკური პატიმარი – ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. არსებობს ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულება რომელიმე მხარის მეირ არ უნდა გახდეს პოლიტიკური, რაღაც მოტივებისთვის გამოყენებული. პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით შევასრულებთ. კონკრეტულ სახელ და გვარებს რაც შეეხება, ამ სახის ჩანაწერი არ არსებობს ჩვენს შეთანხმებაში“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.