საკრუიზო გემ Grand Princess-ზე, რომელიც სან-ფრანცისკოს სანაპიროსთან დგას, 21 ადამიანს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ, „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, Grand Princess-ზე კორონავირუსზე ანალიზის ასაღები ინვენტარი ვერტმფრენიდან ჩაუშვეს, სადაც სამედიცინო პერსონალმა სინჯი 46 ადამიანს აუღო.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, 21 პასუხი დადებით აღმოჩნდა, 24 – ნეგატივი, 1 – გაურკვეველი. აღსანიშნავია, რომ 21 დაინფიცირებულიდან 19 ეკიპაჟის წევრია, 2 კი – მგზავრი.
მისივე ცნობით, გემი ერთ-ერთ არაკომერციულ პორტში შევა, სადაც მის ბორტზე მყოფი 2 400 მგზავრი და ეკიპაჟის 1 100 წევრი შემოწმებას გაივლის.
პენსის თქმით, ეკიპაჟის წევრები კარანტინში დარჩებიან მიუხედავად იმისა, დადებით პასუხს აჩვენებენ, თუ უარყოფითს. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ბედი ეწევათ მგზავრებს, რომლებსად დაავადების ნიშნები და სიმპტომები არ აქვთ.