ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია” – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ რიგით მეოთხე პაციენტზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში სულ 30 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 13 პაციენტის მონაცემი კორონავირუსზე ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ამ მომენტში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი, მათგან 9 არის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული, ხოლო დანარჩენი არა. დღეს მოვიდა პასუხი 5 ახალ პაციენტზე, მათ კორონავირუსი ს ინფექცია არ დაუდასტურდათ. სავარაუდოდ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი. ამჟამად კიდევ 13 ავადმყოფი წევს, რომელთა პასუხი არ ვიცით. მათი მასალა გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში და პასუხი დაახლოებით 12 -საათისთვის გვეცოდინება.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე, სტაბილურია, მაგრამ მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38,5-დან 39,5-მდე. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას გარდა ამისა აქვს ხველა, საერთო სისუსტე და მას ვაკვურდებით. დანარჩენ პაციენტებს ან არ აქვთ რაიმე სიმპტომი, ან მსუბუქი ფორმით. ზოგიერთებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება 37-37,5-მდე.

შეგვიძლია შევაფასოთ, რომ 9 პაციენტიდან ერთის გარდა, დანარჩენის მდგომარეობა უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობისაა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კი 9 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....