საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში, კორონავირუსული ინფექციის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გამყრელიძის თქმით, დადასტურდა კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც იტალიიდან არის შემოტანილი.
“დაფიქსირდა ხუთი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის და ყველა არის დაკავშირებული იტალიასთან. ძირითადად ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ერთი ჯგუფი რომელიც იმყოფებოდა სამოგზაუროდ იტალიაში. ყველა გახლდათ იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში. ამიტომ ქვეყანაში გვაქვს 9 დადასტურებული შემთხვევა. კლინიკურად დამაკმაყოფილებელია ყველა შემთხვევა. მხოლოდ გუშინ დადასტურებული შემთხვევა, წინა სამ შემთხვევასთან შედარებით ცოტა საყურადღებო იყო. ახალ შემთხვევებს რაც შეეხება მცირეწლოვანები არ არიან. ყველა შემთხვევა გახლავთ შემოტანილი.” განაცხადა გამყრელიძემ.