„დღეს ეპიდემიოლოგებმა ინტენსიურად იმუშავეს ყველა კონტაქტის დასადგენად” – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში კიდევ 5 დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„დღეს ეპიდემიოლოგებმა ინტენსიურად იმუშავეს ყველა კონტაქტის დასადგენად და ყველა კონტაქტი დადგენილია. ზოგიერთი კონტაქტი შეფასებულ იქნა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა, მათგან აღებულ იქნა შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშები და დღის მეორე ნახევარში გაიტესტნენ ლუგარში. ყველა ეს კონტაქტი კავშირშია იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი შემთხვევა აღმოჩნდა დადებითი. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად, ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. ამიტომ, დღევანდელ საღამოს ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის ცხრა დადასტურებული შემთხვევა. ყველა შემთხვევა ამ ეტაპზე კლინიკურად გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ გუშინ დადასტურებული მეოთხე შემთხვევა, შედარებით წინა სამ შემთხვევასთან, საყურადღებოა კლინიკურად. მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და მკურნალობა. დანარჩენი ხუთი ადამიანი დღეს იქნენ მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს კლინიკური მეთვალყურეობა და კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულები არიან და დაუდასტურდათ კორონავირუსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.