საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ცენტრში დილიდან 23 ნიმუში იყო შესული და არც ერთ შემთხვევაში, ახალი კორონავირუსი არ დაფიქსირდა.
როგორც მან მედიას უთხრა, ამის შემდეგ, ლუგარის ლაბორატორიაში შევიდა დამატებით 6 ნიმუში, რომელთა კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს.
“თებერვლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე ჩვენთან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა. ეს ადამიანები იყვნენ და არიან კვლევისა და დაკვირვების ფაზაში. აქედან დღევანდელი რიცხვით ფიქსირდება მხოლოდ 3 დადებითი შემთხვევა. ანუ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. სამივე ავადმყოფი, რომელიც მოთავსებულია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს გრძნობს კარგად. მხოლოდ ერთთან არის მცირე სიმპტომები.
კარანტინში, დღევანდელი მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი. ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში.
შესაძლო ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში არის 29 პაციენტი, 5 – სეფსისის ცენტრში, 7 – ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში.
დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში არის უარყოფითი. ამჟამად შესულია კიდევ დამატებით 6 ნიმუში, რომელთა კვლევა მიმდინარეობს”, – უთხრა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებს.