ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოსა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1989 წელს დაბადებული ი.გ. და 1989 წელს დაბადებული ი.ქ. ქუთაისში დააკავეს.

ი.გ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ი.ქ.-ს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დანაშაულები 7-დან 15 წლამდე და 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ თბილისში, კარლო ჩხეიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან – ი.ქ.-სთან ერთად მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. დ.ნ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დ.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, თუმცა ინციდენტის დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული ქუთაისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ი.გ.-ს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო ი.ქ.-ს მიმართ – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იტვირთბა....