ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გულისხმიერება და თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულ ან კარანტინში მყოფთა მიმართ”

გორისა და ატენის მიტროპოლიტი – ანდრია (გვაზავა) კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

მიმართვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ამინ!

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ადამიანების შეშფოთება, მითქმა-მოთქმა და მრავალი აზრის გავრცელება.

უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქონიოთ სიმშვიდე, არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, გავითვალისწინოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ მედიკოსების რჩევებს, გულისხმიერება და თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულ ან კარანტინში მყოფთა მიმართ, იქნებიან ისინი ჩვენი თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვართ ადამიანები, გვაქვს ერთნაირი ფიზიკური ტკივილი და სიხარული.

ჩვენ უნდა გვწამდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველი მოვლენა ღვთისგანაა. მწუხარებამ თუ სიხარულმა, ჭირმა თუ ლხინმა, უფრო მეტად უნდა განგვამტკიცოს და დაგვაახლოვოს, როგორც ღმერთთან, ისე ერთმანეთთან, „რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა“ (რომ. VIII. 38-39), „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6-2).

ხშირად წარმოვთქვათ საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო…“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ…“, „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“. სახლში ვიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ხშირად გადავისახოთ პირჯვარი, ჩვენც ვიცხოთ და ოჯახის წევრებსაც ვაცხოთ ნაკურთხი ზეთი შუბლზე, ყელსა და ხელებზე, დილით უზმოზე მივიღოთ ნაკურთხი წყალი. „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას.

აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“ (იკობი-5, 14,15,16). სასულიერო პირებმა კვირაში ერთხელ ტაძრებში შეასრულონ წყლის კურთხევის წესი და ნაკურთხი წყალი დაურიგონ მრევლს. მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც შავი ჭირის გავრცელების დროს გარეჯელი მამები ტოვებდნენ უდაბნოს მონასტრებს და ემსახურებოდნენ ერს.

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს.

„უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის?! უფალი შესავედერებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?!“ (ფსალ.26-1).

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

იტვირთბა....