ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება. ამის შესახებ, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. ზოგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია, ასევე შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას.

მათივე ინფორმაციით, ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„ნადირობის სეზონის დასრულების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ამ მიმართულებით კონტროლს, მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება“, – აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....