“არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნეს მიღწეული” – ამის შესახებ, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილა, გერმანიის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თუ მომავალ ორშაბათს ან სამშაბათს ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლო რიცხვებამდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება.
„არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნეს მიღწეული. ამისთვის მეც და ძალიან ბევრიც, ვინც აქ შეკრებილები ვართ, ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა არის ობიექტური თემები, წინააღმდეგობები იმიტომ, რომ ბოლო 10 დღემდე ხელისუფლებისგან მაინცდამაინც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა, ამიტომ ვაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას იმისთვის, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, ადამიანები კიდევ არ დავშორდეთ ერთმანეთს, ჩვენს სამშობლოს ბრძოლის ველად და ასპარეზად არ ვუყურებდეთ, ამის შანსი არსებობს. რთული იქნება, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგებით ოპოზიციის მხრიდანაც და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომ ამ სირთულეებს ვუმკლავდებით.
ვადებს რაც შეეხება – რაც მალე – უკეთესი! თუ მომავალ ორშაბათს ან სამშაბათს ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლო რიცხვებამდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება. და თუ კონსტიტუციაში მაისის ბოლომდე ვერ აისახა, ე.წ. არჩევნები აგერ ოქტომბერშია და ივნის-ივლისში კოდექსში უნდა ვწეროთ რაღაცები.
ამიტომ არის ეს ბუნებრივი ცაიტნოტი და არა სამართლებრივი ცაიტნოტი. მე იმედიანად ვარ განწყობილი. კონკრეტულ ციფრებზე საუბარს ვინ რა თქვა, ახლა აზრი არ აქვს. ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.