ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აქედან 21 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით უარყოფითია..
„ჯერ მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევაა. ჯერჯერობით 22 ტესტიდან, 21-ის პასუხი უარყოფითია, ერთი იყო დადებითი, რომელიც დღეს გაცხადდა.
რისკები განსაზღვრულია; განიხილება როგორც პირდაპირი კონტაქტი, რომელიც 15 წუთზე მეტ პერიოდს მოიცავს და ასევე, დახურულ სივრცეში პერიოდი, რაც ორ საათზე მეტს პერიოდს გულისხმობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც ასევე კითხვის ნიშნები არსებობს, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა ტესტირება.
„იაშვილში მყოფ ბავშვს რაც შეეხება, ცხელება და კლინიკა ნაკლებად სავარაუდოა იყოს კორონავირუსი, ამიტომ ბავშვი ისევ რჩება იაშვილის კლინიკაში. იქვე აუღეს ტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით. პასუხი იქნება და ესეც გეცნობებათ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება კავკასიის უნივერსიტეტის 15-კაციან დელეგაციას, მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ მათგანს დაუფიქსირდა ცხელება.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს 15 კაციანი ჯგუფი უნდა გადაეყვანათ საკარანტინო სივრცეში. თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს დაუფიქსირდა ცხელება. ახლახან იყო სატელეფონო კომუნიკაცია ჩემთან და დაავადებათა კონტროლის სამსახური თუ გადაწყვეტს, მოიყვანენ ჩვენთან და მოხდება მისი ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.