ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ტრანსპორტის სახმელეთო სამსახურმა, 28 თებერვლიდან ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.

“ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია  საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან.

ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა.

პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა.

 

იტვირთბა....