დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს და საქართველო შესაბამის ზომებს იღებს.
ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძე იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკჯგუფში შედიან და საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
“ჩვენ უფრო ინტენსიურ რეჟიმში გადავდივართ მოსახლეობის ინფორმირებისთვის. მინდა ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩინეთში ინფიცირების შემთხვევები მცირდება, მაგრამ ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ინტენსივობით კი იზრდება ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიაში. ამიტომ ჩვენთვის საფრხეს და რისკს წარმოადგენენ ის ქვეყნები სადაც მაღალი დაინფიცირებაა. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჩინეთი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა და იტალია. ჩვენ განსაკუთრებულ ზომებს ვიღებთ და ვიმეორებ, ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში.”,-აცხადებს გამყრელიძე.
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 858-მდე გაიზარდა, ხოლო, ინფიცირებულია 83 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 36 ათასს აჭარბებს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ა