ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფექციურში დღეს 3 ახალი პაციენტი დაგვემატა” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში დღეს 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს.

ეზუგბაიას თქმით, პაციენტების ტესტირების პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილი იქნა აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთა კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში, ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები. განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება, რომელიც გამოვლინდება პნევმონიის სახით.  კლინიკურად, მასთან ერთად მყოფ პირთანაც, რომელიც მოთავსდა ჩვენს ცენტრში, ანალოგიური სიტუაციაა, ვირუსი უარყოფითია და არ არის გამოვლენილი დაავადება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დადასტურდა საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსი დაუდგინდა მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.

ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.

იტვირთბა....