ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაზე უპრიანია, რომ ვანო მერაბიშვილი წაბრძანდეს სახლში” – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას, “ფეისბუქის” საკუთარი გვერდით ეხმაურება და აცხადებს, რომ სამწუხაროა, როდესაც სერიოზული დანაშაულისთვის გასამართლებული მერაბიშვილის პირველი განცხადება ძალადობის სიმბოლიკას უკავშირდება.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მათ არ მოწონთ ხელისუფლება, მაგარამ მას სამართლიანად, არჩევნების გზით შეცვლიან.

„ის გასამართლებულია რამდენიმე სერიოზული დანაშაულისთვის და სამწუხაროა, რომ პირველივე განცხადება რაც მან გააკეთა უკავშირდება ძალადობის სიმბოლიკას. დღევანდელ სახელმწიფოში ჩვენ არავის ვამხობთ არაფერს, არ ვამხობთ არც ჭურჭელს, არც მაგიდებს, არც ტაფებს და მით უმეტეს, არ ვამხობთ სახელმწიფოს. დამხობა არის ენა, რომელიც ასოცირებულია არა დემოკრატიულ ქმედებასთან, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით ძალიან დიდი ხნის წინ. ჩვენ არ მოგვწონს ხელისუფლება, მას ვცვლით სამართლიანად არჩევნების მეშვეობით. ეს არის სიმბოლიკა, რომელზეც ვთქვით უარი საქართველოს მოქალაქეებმა და აქ ვართ იმისთვის, რომ ეს სიმბოლიკა არ დაბრუნდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ყველაზე უპრიანია, რომ ვანო მერაბიშვილი წაბრძანდეს სახლში. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, დოლიძე ამბობს, რომ ნებისმიერი გაერთიანება, რომელსაც მერაბიშვილი შეუერთდება, აიკიდებს ლოდს, რომელიც მათ საარჩევნოდ დაძირავს.

„ყველაზე უპრიანია, რომ ვანო მერაბიშვილი წაბრძანდეს სახლში, მას ვერავინ აუკრძალავს მოქმედებას, ის თავისუფალი მოქალაქეა დღესდღეობით, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ის შეუერთდება აიკიდებს ვანო მერაბიშვილის ფიგურას, როგორც ლოდს, რომელიც მას საარჩევნოდ დაძირავს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

მერაბიშვილი უკვე სახლშია, სადაც ის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს.

იტვირთბა....