ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საარჩევნო სისტემის თემაზე, პარლამენტის თავმჯდომარეს ვხდებოდი, ვხვდები და მომავალშიც შევხვდები” – ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სასაუბროდ, პარლამენტის თავმჯდომარეს ადრეც ხვდებოდა და შემდეგშიც შეხვდება.

როგორც ინაშვილი ამბობს, მისთვის არ ააქვს მნიშვნელობა ჩაიშალა თუ არა დიალოგი.

„ხელისუფლებას და უმრავლესობას ისედაც ველაპარაკები. მე პარლამენტის თავმჯდომარეს ვხდებოდი, ვხვდები და მომავალშიც შევხვდები საარჩევნო სისტემის თემებთან დაკავშირებით. არის ფორმატი, როდესაც ჩვენ ვხვდებით ელჩებს, ამ ფორმატშიც იგივე პოზიცია დავაფიქსირე, რომ გავაგრძელებ საუბარს უმრავლესობის წევრებთან, რა დაიშალა და რა არ დაიშალა, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლება რას შესთავაზებს პოლიტიკურ სპექტრს, ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრებს თუ ჯგუფურ შეხვედრას, არის მისი ინიციატივა, მისი გადასაწყვეტი. ვინ როგორ გამოეხმაურება ამას, ესეც მათი პრეროგატივაა. მთავარია, რა შინაარსზე ვლაპარაკობთ, რა აზრი აქვს ამ შეხვედრებს და მზად არის თუ არა ხელისუფლება, გაითვალისწინოს, რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისა და ხალხისთვის“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ შეთავაზება.

„მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ 135/15-ზე, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული გახდეს. ინაშვილი-თალაკვაძის ფორმატი ერქმევა თუ სხვა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რეალურ კონსენსუსამდე მივიდეთ. საბოლოო შეთანხმების ბერკეტი ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია თალაკვაძის მხრიდან, მათი მისამართით გაგზავნილ პირად შეტყობინებებზე საუბრობს. კონკრეტულად კი, “გირჩში” აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციის ლიდერებს დაუკავშირდა და მათ შეხვედრა სთხოვა.

იტვირთბა....