საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომლიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩასვლისგან თავს შეიკავებენ.
თეოფილე III-ისთვის ილია II-ის მიერ გაგზავნილ წერილში წერია:
„კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისათვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით, თქვენი წერილიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას.
ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ. ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან…
ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთვის“.