თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული ორი მოქალაქიდან, რომლებიც საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, ერთი უკვე გაეწერა. ექიმის თქმით, ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, როგორც ეზუგბაია ამბობს, მისი გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.
„ჩვენს ცენტრში მოთავსდა ორი პაციენტი. 26 წლის ქალთან, რომელიც ბურჯიანის პროვინციიდან ჩამოვიდა, უკვე დამთავრდა კვლევები. ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა ტესტი ახალ კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს ტოვებს კლინიკას.
მეორე პაციენტი იანჭოდან არის ჩამოსული, 19 წლის მამაკაცია. ეს პაციენტიც იქ გახდა ცუდად და იქვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და იქვე, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი პასუხი. აქ ჩამოვიდა 9 თებერვალს და აეროპორტში ერთჯერადად დაუფიქსირდა ცხელება, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გაიშვა ბინაზე დაკვირვების ქვეშ. მეორე დღიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში 37,3 ჰქონდა ტემპერატურა და ამის გამო, გუშინ მოთავსდა ჩვენს ცენტრში. წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. დღეს დილას ავიღეთ მასთანაც ტესტი ახალ კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევრისთვის პასუხი გვეცოდინება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ბოლო მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით, 1 486 ადამიანია დაღუპული.