ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან ამაზრზენი იყო ის თუ როგორი ბედნიერები იყვნენ დეკლარაციის ჩაგდებით” – კალაძე

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე და დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის მერი კახი კალაძე და მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე მიუნხენიდან ფეისბუკ-ლაივით ჩაერთვნენ და განცხადებები გაავრცელეს.

როგორც კალაძემ ვიდეოჩართვაში აღნიშნა, შეხვედრებმა კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა და „ქართული ოცნების“ ინიციატივას ძალიან კარგი შეფასებები მოყვა.

„შეხვედრები რომლებიც გაიმართა მიმართული იყო იქითკენ, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია ევროპარლამენტის ფრაქციის წარმომადგენლობისთვის, კომიტეტის წევრებისთვის, რადგან ხშირად ჩვენ ვისმენდით არასწორ ინფორმაციებს, რომელიც ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ფეიკ-ნიუსებზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა. იყო კითხვები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, გუშინ ჩვენი ინიციატივა შეფასდა ძალიან მაგრად. ჩვენ კი ვუხსნიდით ევროპარლამენტარებს უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომ საქმე ეხებოდა 50 მილიონის ქურდობას, რისი მტკიცებულებაც არსებობს. ჩვენი ინიციატივა იყო შეიქმნას ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელსაც შეეძლებათ ჩამოვიდეს ქვეყანაში და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია უგულავას საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენს ინიციატივას ძალიან კარგი შეფასება მოყვა. ბევრმა დეპუტატმა მოიწონა ეს ინიციატივა.

ძალიან ამაზრზენი იყო ის თუ როგორი ბედნიერები იყვნენ დეკლარაციის ჩაგდებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები და გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არიან პარტიები, რომლებიც მოხარულები არიან, რომ რაღაცა არ გაკეთდეს. გახსოვთ მაშინაც როგორ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო. შეეცდებოდნენ, რომ ქართული ოცნების მარცხად გამოეცხადებინათ ეს და იგივე მცდელობა იყო ახლაც. არაუშავს, ეს საინტერესოა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნები მაგიტომ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....