aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ივანიშვილისთვის პრობლემატური იქნება” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პოლიტიკაში ამა თუ იმ ფორმით ინტეგრირებული გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ პრობლემატური შეიძლება გახდნენ ბიძინა ივანიშვილისთვის”, – აღნიშნული განცხადება  ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გააკეთა.

“მეტრონომის” შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ მინისტრის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ხელისუფლების მიმართ მათი ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებების გათვალისწინებით, ექსპერტი ამბობს, რომ მათ ამის ვალდებულება აქვთ.

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შეუძლიათ, ითამაშონ სერიოზული როლი საიმისოდ, რომ “პროცესი საბოლოოდ არ შევიდეს ჩიხში, არ მოხდეს ძალაუფლების საბოლოო მიტაცება ან ქაოსი”.

“გიორგი მარგველაშვილის განცხადება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, გიორგი კვირიკაშვილისაც. მე ვფიქრობ, მარგველაშვილი ლამის ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს პოლიტიკური პროცესი მთლიანობაში. მივესალმებოდი მის ინტეგრაციას ამ პროცესში ნებისმიერ ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა გააკეთოს – ეს იქნება პირდაპირ პარტიული პოლიტიკა თუ ეს იქნება ზეპარტიული პოზიციიდან მონაწილეობის მიღება. ეს წაადგება საქმეს და სასარგებლო იქნება, რომ პროცესი საბოლოოდ არ შევიდეს ჩიხში, არ მოხდეს ძალაუფლების საბოლოო მიტაცება ან ქაოსი. მარგველაშვილს ისევე, როგორც კვირიკაშვილს, შეუძლია ითამაშოს სერიოზული როლი.

მათი პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება სასურველია. ვფიქრობ, რომ მათ ორივეს ჰქონდათ შესაძლებლობა თავის დროზე, რომ აქამდე არ მისულიყო სიტუაცია. თავის დროზე, უფრო აქტიურად რომ ემოქმედათ, ერთის პრეზიდენტობისა და მეორის პრემიერობის პირობებში, მათ ეს არ და ვერ გააკეთეს. ვფიქრობ, რომ მათ აქვთ საზოგადოების წინაშე ვალდებულება, რომ ახლა შეეცადონ, რომ თავიანთი შეცდომები გამოასწორონ”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ “მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველვყო და დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ – საქართველოს დამოუკიდებლობა. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ისეთი რამ, რაც რაიმე მიმართულებით ოდნავ მაინც შეასუსტებს ოპოზიციურ ერთობას. ყველაზე ფასეული დღეს ჩემთვის არის ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგა. ყველა ჩემი პოლიტიკური მცდელობა იქნება იმ ერთობის მხარდამჭერი და გამაძლიერებელი. დანარჩენი დეტალებია”.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთი ბოლო განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ გაავრცელა და მმართველი პოლიტიკური გუნდი გააკრიტიკა.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

იტვირთბა....