თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხუთსაათიან სხდომაზე, „რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე, ბრალდებულების, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის შესავალი სიტყვები მოისმინა.
აღნიშნული სხდომა, დაცვის მხარისა და მოსამართლის კამათით დასრულდა.
“მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობითაც რომ შეუცვალონ, ის სასამართლოში კვირაში მხოლოდ ერთხელ ივლის.
„ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს – ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა „მთავარის“ დირექტორობა, მან მომხსნა ფაქტობრივად, თავისი ჭკუით ყოველ შემთხვევაში. ანუ, ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღის უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები უნდა დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო, რადგან ეს მოწმეების დაკითხვაა. შესაბამისად, მთელი თებერვალი, რომელიც მან ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, სამსახურში არ უნდა ვიარო, ეს გამორიცხულია. არჩევანს ტელეკომპანია „მთავარსა“ და ამ სამარცხვინო ავგიას თავლას შორის, ვაკეთებ „მთავარის“ სასარგებლოდ. მე შემიძლია, პროცესს კვირაში ერთი დღე დავუთმო. არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. ეს მოსამართლე არის ამ ავგიას თავლის ერთ-ერთი ბინძური ცხენი და მე მასთან აკადემიურ ფარგლებში კომუნიკაციის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობა მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი!“ – განაცხადა გვარამიამ.