ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ რუსეთში რეპრესიები დაიწყო – “წამება დენით და ტომარა თავზე””

რუსებს მოეწონათ ქართული კანონმდებლობა კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის საქმეში და გადაწყვიტეს სისხლის სამართლის კოდექსის ამ ნაწილის კოპირება. შედეგმაც არ დააყოვნა და რუსულ მედიაში უკვე აქტიურად წერენ, თუ როგორი რეპრესიებია დაწყებული ქვეყანაში ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღიარებს, რომ წარმოადგენს კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტს.

როგორც ირკვევა, კანონი, რომელიც რუსეთში შარშან შევიდა ძალაში, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რუსული მედია აანალიზებს, თუ რა შედეგი მოიტანა ქართული საკანონმდებლო პრაქტიკის გადმოღებამ.

გასულ წელს რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი. მათ შორის იყო რუსეთში N1 ე. წ. კანონიერ ქურდად ცნობილი, ოლეგ მედვედევი, მეტსახელად –  შიშკანი. მას ქვეყანაში იცნობენ როგორც სპორტსმენსა და გავლენიან ბიზნესმენს, რომელიც გათქვეფილი იყო პოლიტიკურ ფიგურებთან და ლობისტებად პოლიტელიტის წარმომადგენლები ჰყავდა. შიშკანი პოლიციელებმა მაშინ აიყვანეს, როცა ის იუბილეს პომპეზურად აღნიშნავდა საკმაოდ მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად.

 ე.წ. კანონერი ქურდი ოლეგ მედვედევი

უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა მოსკოვში. ერთ-ერთმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა ოლეგ მუხამეტშინმა, საკუთარი ინიციატივით დაწერა განცხადება პოლიციაში, რომ ის აღარ წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროს, რის გამოც თავად ავტორიტეტებმა მას დანებებად ჩაუთვალეს და საკმაოდ მკაცრად გაკიცხეს. საქმე იმაშია, რომ კრიმინალურ სამყაროში კანონიერ ქურდობაზე საკუთარი ნებით უარის თქმა არ ითვლება მისაღებად, რის გამოც შესაძლოა ის საკმაოდ მკაცრად დასაჯონ. ყოველ შემთხვევაში ასე წერს რუსული მედია.

აღსანიშნავია, რომ ოლეგ მუხამეტშინი ამ აღიარებით სრულიად ვერ გათავისუფლდა მართლმსაჯულებისაგან. როგორც ირკვევა, მას მხოლოდ შეუმსუბუქდება სასჯელი და მაინც მოუწევს ციხეში წასვლა.

როგორც ჩანს, ქართული გამოცდილებიდანაც გამომდინარე, ერთის მხრივ პოზიტიურ რეფორმას, ანუ კრიმინალური სამყაროს მიმართ კანონის ასეთ გამკაცრებას, თან სდევს გვერდითი მოვლენებიც, რაც ძირითადად ბრუტალური მეთოდების გამოყენებისკენ მივყავართ. რუსეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული პირი, ზაზა მატუა, რომელმაც ადგილობრივ პროკურატურას წამების შესახებ წერილი მისწერა.

როგორც მატუა აღწერს, მას საპყრობილეში სასტიკად უსწორდებიან და ცდილობენ მისგან ინფორმაციის მიღებას ამა თუ იმ ე. წ. კანონიერ ქურდზე, რადგან სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია მისი ქურდულ სამყაროსთან ახლო კონტაქტების შესახებ.

მატუას განცხადებით, მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე უერთებენ სადენებს, რომელშიც მოგვიანებით დენს უშვებენ, თავზე ტომარას აცმევენ და პირში წყალს უგუბებენ. დენის გაშვების შემდეგ პირიდან წყალი სხეულს ესხმევა, დენი მთელს სხეულს ედება და ტკივილი გაუსაძლისის ხდება. ის დეტალებში აღწერს ყველა იმ მეთოდს, რასაც მის წინააღმდეგ იყენებდნენ საპყრობილეს თანამშრომლები. უფრო მეტიც, მატუა ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და დაიჭირეს მისი ქალიშვილი, ახლა კი მას აქვს ინფორმაცია, რომ დაკავებით ემტერებიან მის ცოლს და მეორე ქალიშვილს.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, მას შემდეგ რაც რუსეთში კრიმინალური სამყაროს წინაღმდეგ ქართული პრაქტიკიდან გადმოღებული კანონი შევიდა ძალაში, კრიმინალური სამყაროს წევრი პატიმრების წინააღმდეგ მკაცრმა გამოვლინებებმა იმატა. ბოლო ასეთი გახმაურებული ფაქტი ქართველი, კრიმინალური ავტორიტეტის, ბადრი კოღუაშვილის წინააღმდეგაც განხორციელდა.

მორიგი სასჯელის მოხდის შემდეგ ბადრი კოღუაშვილი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ექიმები ამბობენ, ის გამოიყურებოდა ისე, როგორც აუშვიც-ბირკენაუს ტყვე, გამხდარი – როგორც იტყვიან, მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. ის საპატიმროში საჭმელს თითქმის არ იღებდა. შიში ჰქონდა, რომ ვიღაცები მოწამლავდნენ. ამის გამო ხელოვნურად, კოვზით რაღაც სპეციალურ სითხეს იღებდა რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. როგორც ამბობენ, მას ციხის თანამშრომლებიც კი თანაუგრძნობდნენ. აი რას წერს ბადრი კოღუაშვილი:

“არ მინდა მჯეროდეს, რომ დღეს ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოს, როგორიც არ უნდა იყოს მისი მმართველობის სისტემა, სურს ფიზიკურად და მორალურად გაანადგუროს, საკუთარი მოქალაქე. არ მგონია ქვეყნის ლიდერს სურდეს ხელი შეუწყოს ბრძოლის მსგავს მეთოდს, რომელიც აზიანებს და თრგუნავს თანამოქალაქის თვითშემეცნებას. რას ნიშნავს და ვინ არის კანონიერი ქურდი – ეს არის იარლიყი, თუ უბრალოდ ტერმინი? როგორ დავახასიათოთ ასეთი ადამიანი? ვინ შექმნა ის? ვის ხელშიც არ უნდა იყოს კანონი, მისი ნებისმიერი ინტერპრეტირებაა შესაძლებელი.

ბევრს ჰგონია, რომ საქართველო ქურდებთან წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითია, რომ იქ ასამართლებენ ქურდული ტრადიციებისა და ქურდული მენტალობის აღიარების გამო. ეს ასე არ არის. ნებისმიერი დანაშაული მოითხოვს გამოძიებას, მტკიცებულებას, დანაშაულის არსებობას. კოსმოსში ხომ არ უშვებენ ისეთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ამბობს რომ კოსმონავტია?! მან ხომ უნდა გაიაროს შესაბამისი შემოწმება, რომელიც აღნიშნულ პროფესიას შეესაბამება?! აი, ზუსტად ის მინდა, რომ რუსეთში სამართლებრივად სჯიდნენ არა სახელის, არამედ კარგი თუ ცუდი მოღვაწეობის გამო.

ასე რომ, რუსეთში ქართული საკანონმდებლო პრაქტიკის კოპირებას, მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. თუმცა, რუსეთში თუკი აზრი ორად იყოფა, ერთზე ყველა თანხმდება, რომ სწრაფ რეფორმას აუცილებლად მოჰყვება გვერდითი მოვლენა, რაც უკვე პირდაპირი გაგებით ტკივილში ვლინდება.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....