ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ხუთშაბათს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრისას, ჩვენ, ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო მიზნები საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. მე ვაფასებ თავმჯდომარე თალაკვაძის ძალისხმევას, რომ ვიზიტით ჩამოვიდა, რათა განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.
შეხვედრის შემდეგ, მე საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ სხვადასხვა პარტიასთან მქონდა დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი შეინიშნება, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები რჩება. დემოკრატია იოლი არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს…
საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა მხარე, რომელიც ჩართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში.
როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს“, – წერს კინზინგერი “ტვიტერში”.
კონგრესმენისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა, არჩილ თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.