ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვხედავთ ახალ სპექტაკლს კობახიძის შესრულებით, ვითომ არ შეუძლიათ ეუთოს დასკვნის წაკითხვა” – კოჟორიძე

“ლელოს” წევრი კახა კოჟორიძე “მეტრონომთან” საუბრისას ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება. როგორც კოჟორიძე აცხადებს, დასკვნაში მთავარი მესიჯი არის ის, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელს კონსტიტუციურობის პრობლემა არ აქვს.

“ეუთო/ოდირის” დასკვნაში მთავარი მესიჯი იყო შემდეგი – კონსტიტუციურობის პრობლემა ამ მოდელს არ აქვს. ეუთომ მიანიშნა იმაზე, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, იღებს ქვეყნის სასამართლო. ზოგადად, როდესაც კანონპროექტს უგზავნი საერთაშორისო ორგანიზაციას, ის არ ღებულობს არასდროს საბოლოო გადაწყვეტილებას, მისი მოსაზრება არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათის. შესაბამისად, ეუთომ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ღებულობს ქვეყნის სასამართლო, მაგრამ მთავარი – რამე კითხვა კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არ გასჩენია და მერე შევიდა კონკრეტული საკითხების შინაარსობრივად განხილვაში.

მთავარი არის ასევე ის სიტყვა, რაც ამ დასკვნაში წერია და რომელი სიტყვაც ძალიან არ უყვარს “ქართულ ოცნებას”. ეს სიტყვა არის კონსენსუსი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება დემოკრატიული საარჩევნო მოდელი იყოს სხვადასხვა, რამდენიმე და მრავალნაირი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ რომელი მოდელის შემოღებაც მოხდება, ის მოდელი იყოს არა ერთი პარტიის ინტერესებში, არამედ მთელი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ინტერესებში. ამ შემთხვევაში, თუ დღეს არსებულ მოდელს მხარს უჭერს ერთადერთი პოლიტიკური პარტია – “ქართული ოცნება”. სხვა ყველა – ყველა ოპოზიციური პარტია არის ამის წინააღმდეგი და ითხოვს პროპორციულ სამართლიან არჩევნებს. შესაბამისად, როგორც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კონსენსუსი ერთ პარტიაზე? ეს კონსენსუსი აძლევს ლეგიტიმაციას ამა თუ იმ საარჩევნო მოდელს”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.

“ირაკლი კობახიძემ დღეს ჩაატარა პრესკონფერენცია და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ისიც კი ვერ გათვალაო, ვისთვის უნდა გაეგზავნა ეს კანონპროექტი და ეუთო რომ კონსტიტუციურობის საკითხს არ სწავლობსო, მათ უნდა სცოდნოდათო. ჩვენ გვაქვს ხელთ ეუთოს მიერ მოლდოვასთან მიმართებაში არსებული დასკვნა, სადაც როდესაც დაინახა ეუთომ კონსტიტუციურობის პრობლემა მოლდოვის კონკრეტული კანონპროექტის, იქ თქვა, რომ ამ კანონპროექტს აქვს კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული პრობლემა, მაგრამ ჩვენს კანონპროექტთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ დაუნახავს და სწორედ ამიტომაც არ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ასეთი პრობლემა არსებობს. თუ”ქართული ოცნების” ნათქვამი, რომ ეუთო არ სწავლობს კონსტიტუციურობის საკითხს, სწორია, მაშინ მოლდოვასთან მიმართებაში რატომ იმსჯელა კონსტიტუციურობაზე?

ბატონ კობახიძეს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში. ორი-სამი თვის წინ დავინახეთ “ოცნების” სპექტაკლი იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ ბიძინა ივანიშვილს არ დაუჯერეს დაჩი ბერაიამ და დიმიტრი ხუნდაძემ და დღეს დავინახეთ უკვე ახალი სპექტაკლი ირაკლი კობახიძის შესრულებით, ვითომ არ შეუძლიათ ეუთოს დასკვნის წაკითხვა. ისინი თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ დასკვნას, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რომ არსებული უსამართლო მოდელი შეინარჩუნონ.

ოპოზიციის პოზიცია არის ის, რომ დიალოგი საჭიროა და უნდა გაგრძელდეს. ოპოზიცია თავიდანვე ამბობდა და კვლავ იმ აზრზეა, რომ 100/50-ზე პრინციპით შეთანხმება გამორიცხულია რომ შედგეს. მე შემიძლია გითხრათ პარტია “ლელოს” სახელით, რომ ჩვენ ასეთ შეთანხმებას გამოვრიცხავთ”, – უთხრა “მეტრონომს” კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ “სისტემის შერჩევა ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს”.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დასკვნამ  “ორი მიმართულებით” ოპოზიციის “არაკომპეტენტურობა” დაადასტურა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....