ახალი ამბები მთავარი

“სისტემის შერჩევა ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს” – ეუთო/ოდირი

დღეს გამოქვეყნებულ, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.

„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუკი არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას. საარჩევნო სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები განიხილონ. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღწევის შედეგად მიღებული“,-ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში ეუთო/ოდირი ასევე, საერთაშორისო სტრანდარტისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, რეკომენდაციებს იძლევა.

„შეიცვალოს დებულება ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის შევსების წესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის სურვილი ნათლადაა გამოხატული ბათილად არ იქნას ცნობილი; გადაიხედოს ის დებულება, რომელიც უგულებელყოფს იმ ამომრჩევლების მიერ პარტიული სიებისთვის მიცემულ ხმებს, რომლებმაც ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარულ რბოლაში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატს; ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შესაჯამებლად მიცემული ვადა საჭირო პერიოდს არ აღემატებოდეს და საარჩევნო დავების ვადებთან შესაბამისობაში იყოს; პოლიტიკურად ნეიტრალური მექანიზმის უზრუნველსაყოფად, გადაიხედოს იმ ქვეოლქის შერჩევის მეთოდი, რომელშიც ჩატარდება შუალედური არჩევნები; განხორციელდეს ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს დებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანდატების თანაბარი განაწილება ახალ მრავალწევრიან ოლქებს შორის; გადაიხედოს კანონპროექტი, განისაზღვროს რომელი დებულებები იცვლება და უზრუნველყოფილი იქნას ცვლილებების თანმიმდევრობა საარჩევნო კოდექსის არსებულ დებულებებთან“,- აღნიშნულია ეუთო/ოდირის შეფასებაში.

იტვირთბა....