ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებამ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება დაიწყო, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოციალურად დაუცველ პირთა საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა მოკლედ განმარტა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების არსებული პროცედურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა.
ტიკარაძის ცნობით, ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას საშუალოდ 20 დღე სჭირდება, ხოლო შესწავლიდან ერთ თვეში სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი ახალი სარეიტინგო ქულა შევა ძალაში. დახმარების განახლევა კი, ახალი ქულის მინიჭების შემდეგ. საშუალოდ 20 დღეში ხორციელდება.
მინისტრის თქმითვე, მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმების პერიოდში ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდება.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი ქულის მინიჭებამდე საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს. ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.