ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდი ალბათობით კლინიკაში დარჩენილ ორ ქალს კორონავირუსი არ აქვს” – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამჟამად კლინიკაში ორი ქალბატონი რჩება და დიდი ალბათობით მათ კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ.

„ინფექციურ კლინიკაში სულ 10 პაციენტია დღემდე შემოსული და დღეს რჩება მხოლოდ 2 ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობდნენ, ერთი 25, მეორე კი 29 წლისაა. ერთი თბილისში 28, ხოლო მეორე – 31 იანვარს ჩამოვიდა. არც ერთ მათგანს ჩამოსვლის მომენტში ტემპერატურა არ ჰქონია, ტემპერატურა არც აეროპორტში და არც სახლში არ დაფიქსირებულა. მათ დღეს აუწიათ ტემპერატურამ და კლინიკაში თავისით შემოვიდნენ. გამოკვლევით დადგინდა, რომ პნევმონია არ აქვთ, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აქვთ და საბოლოო პასუხი უნდა გადაწყდეს ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის ლაბორატორიული ტესტირებით”,-განაცხადა ცერცვაძემ.

თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ადრე 2 პაციენტიდან აღებული მასალა დიაგნოსტიკისთვის იყო როტერდამში გაგზავნილი, ისინი დღეს ჩამოვიდა და პასუხი უარყოფითია, ანუ, მათთან კორონავირუსით ინფექციის ეჭვიც კი მოიხსნა. კიდევ 4 პაციენტს აუღეს ანალიზი გამოსაკვლევად, ეს ტესტი უკვე თბილისში კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ოთხიდან სამს ასევე უარყოფითი პასუხი დაუდასტურდა, ერთის პასუხი კი ხვალ იქნება. ასეთი სიტუაციაა, ამჟამად კლინიკაში ორი ქალბატონი რჩება და სავარაუდოდ, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ. როგორც კი ლაბორატორიული კვლევის პასუხი მოვა, ისინიც გაწერილები იქნებიან“, – აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

იტვირთბა....