„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განცხადება გაავრცელა.
როგორც უგულავა აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ ბრალის წაყენების მსგავსი მეთოდი უკვე გამოიყენა, როდესაც თბილისის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ბრალი მას წარედგინა.
„ეს ადამიანი მოკვდა, როგორც პიროვნება. პოლიტიკოსი არც არასდროს ყოფილა, ცარიელი ადგილი იყო და გაფორმდა, როგორც ცარიელი ადგილი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა სამარცხვინო რამ, როდესაც ლევან ხაბეიშვილს თავს კოდლა და ძალით “ძველი ბიჭების” ხროვა დაესხა. ამის “გაპრავება” უკვე აპრობირებული მეთოდით მოხდა ისე, რაც გააკეთეს ჩემი და გოკა გაბაშვილის შემთხვევაში, ორი მუტრუკი მოგვიგზავნეს, მე ბრალი წამიყენეს ერთი მუტრუკის ცემაში, მეორეს კი გოკას ცემაში. ვითომ დააბალანსეს და ამით წაიღეს ჩემი პასპორტი. უკვე მოგიძველდათ მეგობრებო მეთოდები. ჩვენიანებს რომ არ ეწყინოს, მოდი ხაბეიშვილსაც წავუყენოთ ბრალიო. ხაბეიშვილს ამით არაფერი დააკლდება, ივანიშვილიც გაქრება შარშანდელი თოვლივით, ეს ზარქუა და 3 “ძველი ბიჭი” რას აპირებენ შემდეგ?“ – აღნიშნა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.
როგორც ცნობილია ხაბეიშვილს ბრალი, ირაკლი ზარქუას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ დაპირისპირებაში წარედგინა.
ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ინციდენტი, რომელზეც უგულავა საუბრობდა, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებაა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა, ხოლო თავად ხაბეიშვილს, ბრალი ირაკლი ზარქუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო წარუდგინეს.