“რაოდენ დემოკრატიული წყობა გვაქვს ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ – 50 მილიონზე გასამართლებული ადამიანი, რომელმაც დედაქალაქს მოპარა 50 მილიონი, ციხეში წავიდა და მერე საპროცესო გააფორმა, სადაც აღიარა და ასე გამოუშვეს. გიგი, ჩემო ძმაო, გაკოტრებული პარტიის წარმომადგენელი ხარ, თვითონ შენც ხარ გაკოტრებული. ასე რომ, შენი დრო წასულია, გვერდზე გაიწიე – ის 50 მილიონი, მოიპარე, 50-ჯერ უნდა მოიხადო ყოველდღიურად ბოდიში”
ირაკლი ზარქუა – თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან”
“ტვ პირველი”
აღნიშნული განცხადებით ზარქუა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას კომენტარს გამოეხმაურა.
უგულავას თქმით, “იმ ინციდენტის შემდეგ, რაც მოხდა, კოლეგები ვხუმრობდით – მოდი, აბა ვნახოთ, ვის წაუყენებენ ახლა ბრალს… ეს ყველაფერი ჩაივლის, მაგრამ ზარქუამ ქუჩაში როგორ უნდა იაროს? ხომ უნდა თქვას, რომ მაგარი ბიჭი ვარო და ხომ იცის, რაც არის და რასაც დაუძახებენ – სამართლიანად… ზარქუა ადამიანურად მოკვდა”.
შეგახსენებთ, ინციდენტი, რომელზეც უგულავა საუბრობდა, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებაა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა, ხოლო თავად ხაბეიშვილს, ბრალი ირაკლი ზარქუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო წარუდგინეს.