“ჯერჯერობით, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი არც ერთი ადამიანი არ დაფიქსირებულა”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება.
როგორს გამყრელიძე აღნიშნავს, რამდენიმე დღეა საქართველოში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები,
„პირველი ღონისძიება ეს არის დიდი საინფორმაციო კამპანია, ანუ ჩინეთიდან შემოსულ ყველა ადამიანს, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეისებით, მათ ურიგდებათ შესაბამისი გზავნილები სამ ენაზე – ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისინი იმყოფებოდნენ ჩინეთში და გამოუჩნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება, მათ აუცილებლად ან უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, ან პირდაპირ უნდა მიმართონ ექიმს. ექიმი ამ სიმპტომების მიხედვით გადაწყვეტს, მისი გადაყვანა საჭიროა თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში. ყველა ადამიანს ასევე აეროპორტში ესინჯება ტემპერატურა და ტემპერატურა თუ არის 38 გრადუსი და მეტი, მაშინ ამ ადამიანზე ივსება შესაბამისი ფორმა ნომერი 9, რომელსაც აკეთებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ეპიდემიოლოგი და შემდეგ ამ ავადმყოფს გასაუბრებას უტარებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი. თუ საეჭვო სიმპტომები იკვეთება, მაშინ ამ ადამიანის ევაკუირება ხდება ინფექციურ საავადმყოფოში. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.