ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანდრია სარიას სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მაგრამ დატოვა ეპარქია” – ჭყონდიდის მიტროპოლიტი

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა.

მეუფე გრიგოლის თქმით, სარიას ეპარქიაში დარჩენა სამჯერ შესთავაზა.

„15 წელია ვიცნობ. ერთად ვსწავლობდით სასულიერო აკადემიაში, ვცხოვრობდით, პანსიონში და ვიცნობ კარგად. სამჯერ შევთავაზე დარჩენა. მეც მაინტერესებდა ეს სულიერება, წიგნების გამოცემა და მე შევთავაზე დარჩენა აქ. ერთად გაგვეგრძელებინა მსახურება, მაგრამ თვითონ არჩია ეს გზა. მონასტრის წინამძღვარი იყო. სულიერების ცენტრის დირექტორი და ვუთხარი, დარჩი, ერთად გავაგრძელოთ მსახურება, მაგრამ აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად…

სამი თვეა ამ ეპარქიაში ვარ, არავინ დამისჯია, არც შენიშვნა და არც გაფრთხილება მიმიცია რომელიმე ბერისთვის, ან მონაზვნისთვის. ყოფილიყო აქ მონასტერში, იქნებოდა მწირველი მღვდელი და წინამძღვარი. თავად აირჩია ეს გზა. რამდენჯერ მისცეს შენიშვნა და გააფრთხილეს. ეს ყველაფერი ერთადაა: მისი არჩევანი, მისი განცხადება, მისი ცხოვრება და ასეთი შედეგი, სამწუხარო, მაგრამ ასეა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს გაფრთხილების მიუხედავად, სასულიერო პირი ავრცელებდა მაღალ იერარქთა და საპატრიარქოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

იტვირთბა....