მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის – ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას დეიდაშვილმა და მირზა სუბელიანის შვილმა, ალექსანდრე სუბელიანმა, სასამართლო პროცესზე გააკეთა.
როგორც სუბელიანმა განმარტა, ის დავით სარალიძის დაჭრას არ შესწრებია, თუმცა აცხადებს, რომ კალანდია მკვლელი არაა.
„ჩემი მყარი პოზიცია მაქვს და ამის თქმის არ მომერიდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილი მკვლელი არ არის, არა იმიტომ, რომ ჩემი დეიდაშვილია. ამის თქმა, რომ მინდოდა იმიტომ მინდოდა სხდომა ღია ყოფილიყო. გიორგისა და სარალიძეს შორის იყო უშუალო ჩხუბი, მიბჯენილი ჰყავდა ჯანაშიას სარალიძე, გიორგიმ ამოიღო დანა და დაარტყა ერთხელ, ან რამდენჯერმე” – განაცხადა სუბელიანმა.
ამასთან, ალექსანდრე სუბელიანმა განაცხადა, რომ ლევან დადუნაშვილთან გუგა ბარბაქაძეს დანა გამოყენებული აქვს. მისივე თქმით, ბარბაქაძემ და გიორგი მენაბდემ დანა გამოიყენეს დავით სარალიძესთანაც.
„ბარბაქაძესაც აქვს დანა გამოყენებული სარალიძესთან, მენაბდესაც, მაგრამ რამდენად რეალურია ეს არ ვიცი. თვალი მოვკარი ბარბაქაძემ ხელი მოუქნია დადუნაშვილს. რაღაც საგანი ეჭირა, ეს უფრო შემდეგ დღეებში აღვიდგინე, იმ მომენტში მეგონა, რომ უბრალოდ ჩხუბი იყო, ალბათ, დანა იყო”, – განაცხადა სუბელიანმა.
ამასთან, სუბელიანმა სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ინციდენტზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მათ შორის, იმაზეც, თუ როგორ მიიყვანა ის მირზა სუბელიანმა პოლიციის განყოფილებაში. როგორც სუბელიანმა განაცხადა, ის მიხეილ კალანდიას სავარაუდოდ, ტელეფონით შეეხმიანა და დახმარება სთხოვა, რაზეც მას დეიდაშვილმა უპასუხა, რომ არ ენერვიულა, რადგან მასთან მივიდოდა.
„ფაქტობრივად შევრიგდით, რა დროსაც დათო სარალიძე უკანა ფლანგებში იყო, გამოვიდა და უხეშად დაიწყო საუბარი, რაზეც გიორგი ჯანაშიამ ხელი მიადო მხარზე და დამშვიდებისკენ მოუწოდა. სარალიძე აგინებდა, ვის ეხებიო, შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო, ბიჭები შუაში ჩადგნენ და დაიწყო გაშველება. საბოლოო ჯამში, ვერ შეაკავეს ერთმანეთი და ჩხუბი ატყდა. ხალხი აშველებდა, ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა, სავარაუდოდ, სარალიძის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და გიორგიმ დაარტყა. ვიღაცამ დაიყვირა სისხლიო“, – განაცხადა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოწმის სტატუსით მიხეილ კალანდიას დეიდაშვილი და მირზა სუბელიანის შვილი ალექსანდრე სუბელიანი იკითხებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმე არასრულწლოვანია სასამართლო სხდომა მისი გადაწყვეყილებით ღია იყო. პროცესზე ზაზა სარალიძესა და კალანდიას ოჯახს შორის დაპირიპირება მოხდა.
ამასთან, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მის პროცესებს ზაზა სარალიძე აღარ დაესწროს.