იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი.
წულიკიანის განცხადებით, მას არ ახსოვს, რომ სახალხო დამცველს დაეცვა დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი, როცა მათ შეურაცხყოფას აყენებენ.
„თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და მას და მის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი.
ახლახანს მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც, გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, ცემენ, წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში. თუ ეს არ არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როდესაც ხარ დედაჩემის ასაკის ექთანი და პატიმარი გაფურთხებს და წიხლებს გირტყამს, ეს არ არის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის პრევენციაც თქვენ ჩემთან ერთად გევალებათ?“, – მიმართა წულუკიანმა ლომჯარიას.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებაა წარადგინა.